საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.11.2009
საქმის ნომერი
2კ-554აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.11.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

554აპ.-09 10 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ვის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ც. რ-ისა და შ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განაჩენზე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განაჩენით მ. ა-ვი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. ა-ოვს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 3 ივლისიდან.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის დადგენილებით მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში და განკარგულებაში შესწორდა სასჯელის ვადის ათვლის თარიღი და 2007 წლის 3 ივლისის ნაცვლად მიეთითა 2008 წლის 3 ივლისი.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებული მ. ა-ვი საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

მ. ა-ვი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. ა-ვს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ა-ვის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ც. რ-ისა და შ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ მ. ა-ვის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ა-ვის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ც. რ-ისა და შ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.