შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
¹601აპ-09 10 სექტემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით დ.კ _ დაბადებული ......... წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლევი, დროებით უმუშევარი, მცხოვრები ქ. გორში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 თვე, 29 დღე და დ.კ საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 30 იანვრიდან.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენით დ. კ მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დ.კ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე დ.კ გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მიუხედავად აღნიშნულისა, დ. კ არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ:
2009 წლის 30 იანვარს დ. კ ადმინისტრაციული წესით დააკავეს შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა და გადაიყვანეს შსს შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ განყოფილებაში. ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დ.კ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ ზემოქმედების ქვეშ.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ.კ, რომელმაც ითხოვა სასჯელის შემსუბუქება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
დ. კ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 თვე, 29 დღე და დ.კ საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე დ. კ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დ. კ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 აგვისტოს ¹606-ე განკარგულებით მსჯავრდებული დ. კ შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და დ.კ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 აგვისტოს ¹606-ე განკარგულების საფუძველზე დ. კ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.