საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
625აპ.-09 ქ. თბილისი
13 ნოემბერი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჩ-ძისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის განაჩენზე ბ. ჩ-ძისა და მ. ც-იას მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განაჩენით ბ. ჩ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 13 წლით და 6 თვით, ხოლო 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გაუნახევრდა «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ამავე განაჩენით მ. ც-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო პროკურორსა და განსასჯელ გ. გ-შვილს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და ამ უკანასკნელს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ჩ-ძესა და მ. ც-იას 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში მითითებული სხვა უფლებები _ 15 წლით. მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2008 წლის 3 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით შესწავლისა და საკასაციო საჩივრის გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით, ასევე _ 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ჩ-ძისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის განაჩენზე ბ. ჩ-ძისა და მ. ც-იას მიმართ არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.