საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.11.2009
საქმის ნომერი
2კ-637აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

637აპ.-09 30 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განაჩენზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით ზ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 1000 ლარი, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 1500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2500 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 10 ივლისიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ზ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.