ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
921აპ-09 ქ. თბილისი
9 დეკემბერი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-უასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ზ-იას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ვ. კ-უა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ვ. კ-უას სახდელად განესაზღვრა პატიმრობა 7 დღით. იმავე წლის აპრილში მან კვლავ შეიძინა მცირე ოდენობით „ოპიუმის» ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც უკანონოდ მოიხმარა. 17 აპრილს ვ. კ-უა შეამოწმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო განყოფილებაში, სადაც დაუდგინდა „ოპიუმის» ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება.
აღნიშნული ქმედებისათვის ვ. კ-უას მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 11 თვე, 28 დღე და განესაზღვრა 3 წლით, 5 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 31 აგვისტოდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო _ 2 დღე. ვ. კ-უას 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში მითითებული უფლებები და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5 000 ლარი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა. მათ ითხოვეს დამატებული სასჯელისა და ჯარიმის მოხსნა და საბოლოოდ 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა.
კასატორები _ მსჯავრდებული ვ. კ-უა და ადვოკატი ჯ. ზ-ია საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ვ. კ-უა თავიდანვე აღიარებდა და ინანიებდა დანაშაულს; არ დამალვია წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს; ჰყავს მძიმე სენით დაავადებული მეუღლე, რომელსაც ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, ასევე _ მცირეწლოვანი შვილი და ღრმად მოხუცებული დედა; არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; წინა დანაშაულისათვის იგი შეცდომით გაასამართლეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოხსნას და სასჯელის საბოლოო ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს. შესაბამისი დასკვნით ირკვევა, რომ შემოწმებისას ვ. კ-უა იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, რასაც თვითონაც არ უარყოფს.
ვ. კ-უას მიმართ გამოტანილ წინა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პალატა ვერ იმსჯელებს და რადგან მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი განსაზღვრულია განაჩენთა ერთობლიობით, მისი 6 თვემდე შემცირების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ. კ-უას მიმართ მხედველობაშია მიღებული საქმეში არსებული, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი მასალები და საჩივარში მითითებული მოტივებით სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მხოლოდ «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, მსჯავრდებულს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. კ-უასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ზ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. კ-უას გაუნახევრდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ვ. კ-უას საბოლოოდ განესაზღვროს 3 (სამი) წლით, 2 (ორი) თვით და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.