დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹50I-07წ. 25 იანვარი, 2008 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ს-ის დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც ე. ს-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ე. ს-ი, _ დაბადებული ....... წელს ქ. თბილისში, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
იმავე განაჩენით ლ. ი-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე (მითითებული რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2007 წლის 20 ნოემბერს მსჯავრდებულ ე. სუკიასიანის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება საპროცესო კანონით დადგენილი წესით, რაც ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ იგი მისგან მოულოდნელი მიზეზების გამო იმყოფებოდა ქალაქგარეთ და, მართალია, მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა საკასაციო საჩივარი, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო მსჯავრდებულის ხელმოწერით დაედასტურებინა საჩივარზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის თანხმობა. აღნიშნულის გათვალისწინებით მსჯავრდებულ ე. ს-ის ადვოკატი განცხადებით ითხოვდა მის მიერ მითითებული მიზეზების საპატიოდ ჩათვლასა და დაცვის მხარის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით ე. ს-ის ადვოკატს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულ ე. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მ აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს დაცვის მხარის მიერ გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას იმავე მოტივებით, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განცხადებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი ე. ს-სა და ლ. ი-ს მიმართ დადგენილია 2007 წლის 12 ოქტომბერს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. ს-ის დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს კერძო საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომლის მიხედვით მან საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმ მიზეზით, რომ იგი მისგან მოულოდნელი მიზეზების გამო იმყოფებოდა ქალაქგარეთ და, მართალია, მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა საკასაციო საჩივარი, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ხელმოწერით დაედასტურებინა მისი თანხმობა საჩივარზე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი არ წარმოადგენს ისეთ საფუძველს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაცდენა მას შეიძლება ჩაეთვალოს საპატიოდ. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატის მოსაზრებას, რომ მის მიერ მსჯავრდებულის თანხმობით 2007 წლის 14 ნოემბერს სასამართლოში შეტანილი საკასაციო საჩივრით შევსებულ იქნა ხარვეზი, რადგან საქართველოს სსკ-ის 546-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან სსკ-ის 518-ე მუხლში მითითებული პირები, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად ადვოკატს საჩივრის შეტანა შეუძლია მხოლოდ მსჯავრდებულის თანხმობით. აქ საკასაციო საჩივრის ხარვეზის პრობლემა არ დგას.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ს-ის დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ე. ს-ის ადვოკატს _ გ. ძ-ძეს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.