დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2I ქ. თბილისი
27 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განაჩენით გ. კ-ი, _ დაბადებული …. წელს, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მას 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2007 წლის 18 ოქტომბერს მსჯავრდებულმა გ. კ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან 2007 წლის 29 ივნისს დაწერა და საპყრობილის კონტროლიორს გადასცა საკასაციო საჩივარი, ხოლო, როდის ჩაბარდა კანცელარიას აღნიშნული საჩივარი, მისთვის უცნობია, ამიტომ ვადის გაცდენა მისი ბრალით არ მომხდარა. შესაბამისად, გ. კ-ი ითხოვდა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებით გ. კ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულმა გ. კ-მა აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. თავისი საჩივრით იგი ითხოვს გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გ. კ-ის მიმართ გამოცხადდა 2007 წლის 31 მაისს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
რაც შეეხება კერძო საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივებს, რომლის მიხედვით, გ. კ-ს საკასაციო გასაჩივრების ვადა არ გაუცდენია და მან ვადის დაცვით ჩააბარა საჩივარი საპყრობილის კონტროლიორს, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან აღნიშნული არ დგინდება სათანადო მონაცემებით და, შესაბამისად, არ დასტურდება კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის გამოც კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული სასამართლო სხდომის საოქმო დდგენილება არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილება, რომლითაც გ. კ-ს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.