დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
61 29 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის დადგენილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მ. გ., _ დაბადებული --- წელს, ------, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, იზაშვილის ქ. ¹---ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 13 მაისიდან.
განაჩენით მ. გ-ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2006 წლის 17 ოქტომბერს მსჯავრდებულმა მ. გ-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, აღნიშნა, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის ერთადერთი მარჩენალი არის თვითონ და საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა განაჩენის აღსრულების გადავადება ბავშვისათვის 5 წლის ასაკის შესრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 სექტემბრის დადგენილებით მ. გ-ს შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
კერძო სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მ. გ-მ ითხოვა საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმება და სასჯელის გადავადება იმ დრომდე, სანამ მის შვილს არ შეუსრულდება 5 წელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ მ. გ-ს კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის დადგენილება დარჩა უცვლელად. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული დადგენილება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
სააპელაციო სასამართლოს დადგენილების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. გ-მ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ არის მარტოხელა დედა, არა ჰყავს მშობლები, ბავშვს ზრდიან მისი შორეული, მოხუცი ნათესავები. მან ითხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმება და სასჯელის გადავადება ბავშვისათვის 5 წლის ასაკის მიღწევამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად «განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 6061-611-ე, 618-ე-619-ე და 622-ე მუხლებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება შეიძლება ერთჯერად გასაჩივრდეს 517-545-ე მუხლებით განსაზღვრული წესით».
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის დადგენილება განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით საბოლოოა და არ საჩივრდება, რის გამოც მსჯავრდებულ მ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას განხილული და, შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე და 623-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 დეკემბრის დადგენილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.