საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 04.06.2008
საქმის ნომერი
2კ-17-I-08
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.06.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

¹17I ქ. თბილისი

4ივნისი,2008წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

სხდომის მდივან _ გ. შ

პროკურორების _ გ. ბ-ს, ი. ჩ-ს

ადვოკატ _ მ. ხ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ხ. ჯ-ს

თარჯიმან _ ლ. ლ-ს

მონაწილეობით განიხილა ხ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 აპრილის დადგენილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 25 აგვისტოს მესტიის რაიონში დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ხ. ჯ. იმავე დღეს ხ. ჯ-ს მესტიის რაიონული სასამართლოს ბრძანებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით. ამასთან, ხ. ჯ-ს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აღნიშნული პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ხ. ჯ-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული).

2007 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ხ. ჯ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება ორი თვის ვადით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

2007 წლის 26 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა ხ. ჯ-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა, ვინაიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა საქართველოში და, შესაბამისად, ექსტრადიციის საქმის განხილვა გადაიდო.

2007 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ხ. ჯ-ს ექსტრადიციის შესახებ.

2007 წლის 7 დეკემბერს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ხ. ჯ. გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხ. ჯ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საექსტრადიციო პატიმრობა სამი თვის ვადით, რომელშიც ჩაითვალა მესტიის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 25 აგვისტოს შეფარდებული სამთვიანი პატიმრობიდან გამოყენებული 33 დღე.

2007 წლის 28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ხ. ჯ-ს საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 2 თვით, 2008 წლის 4 აპრილამდე.

2008 წლის 31 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ხ. ჯ-ს საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 2 თვით 7 თვემდე, ანუ 2008 წლის 4 ივნისამდე.

2006 წლის 4 აპრილს ხ. ჯ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 317-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ჟ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო. რუსეთის ფედერაციის ნალჩიკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის ბრძანების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ხ. ჯ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება.

2006 წლის 10 აპრილს ხ. ჯ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა, ხოლო იმავე წლის 19 აპრილს _ სახელმწიფოთაშორისი ძებნა.

2007 წლის 12 აპრილს გამოტანილ იქნა ახალი დადგენილება ხ. ჯ-ს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 279-ე მუხლით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 317-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“, „ჟ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 226-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 226-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 166-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო.

აღნიშნული დადგენილებით შეივსო ხ. ჯ-ს მიმართ მანამდე არსებული ბრალდებები.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ გ. ლ-ს 2008 წლის 28 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა დადგენილება ხ. ჯ-ს, როგორც ძებნილი პირის, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა შეესაბამებოდა „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით, „სამოქალაქო, საოჯახო და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, ხსენებული დადგენილების მიხედვით, არ არსებობდა ხ. ჯ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

აღნიშნული დადგენილებით ხ. ჯ-ს ექსტრადიცია უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ბანდიტიზმი, ესე იგი მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე თავდასხმის მიზნით შექმნილ მყარ შეიარაღებულ ჯგუფში (ბანდაში) მონაწილეობა), 279-ე მუხლით (რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით შეიარაღებულ აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც აშინებს მოსახლეობას და ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის დადგომის საფრთხეს, ჩადენილი ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, იარაღის გამოყენებით და რამაც სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია), 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხელყოფა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მათი კანონიერი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, აგრეთვე აღნიშნული პირების ამგვარი საქმიანობის განხორციელებისათვის შურისძიების მიზნით), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 226-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გატაცების მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 166-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება გატაცების მიზნის გარეშე, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) და 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალების, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

2008 წლის 11 აპრილს საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის დადგენილება რუსეთის მოქალაქის _ ხ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში და ითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მუშაკები ხ. ჯ-ს მოეპყრობიან არაადამიანურად და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოიყენონ სასჯელის უმაღლესი ზომა _ სიკვდილით დასჯა. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ არსებობს იმის გარანტიები, რომ ხ. ჯ. ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობასა და სასჯელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 აპრილის დადგენილებით საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება ხ. ჯ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 აპრილის დადგენილება რუსეთის მოქალაქის _ ხ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ ხ-მა გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ადვოკატი მ. ხ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ხ. ჯ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 აპრილის დადგენილების გაუქმებას, რათა ხ. ჯ. არ დაექვემდებაროს ექსტრადირებას რუსეთის ფედერაციაში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ მოყვანილი ფაქტები, დაეყრდნო მხოლოდ 2008 წლის 28 მარტის დადგენილებას, რაშიც საკმაოდ ფართოდ არის საუბარი სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 254-260-ე მუხლებით, ,,ექსტრადიციის შესახებ” ევროპული კონვენციითა და ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით. ასევე საუბარია გარანტიებზე, რომლებსაც იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, ამ შემთხვევაში _ რუსეთის ფედერაცია. კასატორის მოსაზრებით, ,,ექსტრადიციის შესახებ” ევროპული კონვენციითა და ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ” მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით, ასევე საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, კერძოდ, მე-6 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება ან თუ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს”.

დადგენილებაში მოყვანილია ,,ექსტრადიციის შესახებ” ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რომლის თანახმად, პირი არ შეიძლება დაექვემდებაროს ექსტრადიციას პოლიტიკური ან მასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის. მართალია, არ არის ჩამონათვალი, თუ რომელი დანაშაულებია პოლიტიკური და დადგენილების ავტორიც იმას აღნიშნავს, რომ ეს შეფასებითია, მაგრამ აქვე განსაზღვრავს, რომ ხ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული მიზნად ისახავდა პოლიტიკური შედეგების დადგომას. გარდა ამისა, ხ. ჯ. იძლევა ახსნა-განმარტებას, რომ იგი მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2003-2004 წლებში. აღნიშნულ არჩევნებში გაიმარჯვა მათმა ლიდერმა ა. ზ-მ, რომელიც მოკლეს 2005 წლის მაისში თავის სახლში, ასევე მოკლეს ერთ-ერთი ლიდერი _ რ. ც. 2004 წლის შემოდგომაზე, მას სასტიკად სცემეს და საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2004 წელს თავად ხ. ჯ-ც არაერთხელ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს, მასზე და მის ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა, მისგან ითხოვდნენ პოლიტიკური შეხედულებების უარყოფას. ამდენად, ხ. ჯ-ს ქმედება სწორედაც პოლიტიკურია და, შესაბამისად, იგი აღნიშნული მუხლისა და კონვენციის საფუძველზე არ უნდა იქნეს ექსტრადიციას დაქვემდებარებული.

შიდა კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების შემდეგი მოთხოვნაა ის, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში სასჯელის სახით არ უნდა იყოს სიკვდილით დასჯა. მართალია, დადგენილებაში მითითებულია, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 დამატებით ოქმს და იქ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია დაწესებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. მითუმეტეს, რომ რუსეთის ფედერაციის დღეს მოქმედი კონსტიტუციის მე-20 მუხლი კვლავ განიხილავს სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას გამონაკლის შემთხვევებში ფედერალური კანონით. ანალოგიური ცნებაა ჩადებული რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 44-ე მუხლის ,,ნ” პუნქტსა და 59-ე მუხლში. რუსეთს არ მოუხდენია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის დამატებითი, მე-13 ოქმის რატიფიცირება, რაც გულისხმობს სწორედ სიკვდილით დასჯის გაუქმებას დათქმების გარეშე, რაც ჩვენთან განხორციელდა 2006 წლის 27 დეკემბრის საკონსტიტუციო ცვლილებით. ამ შემთხვევაში კონტრაქტის ხელისმომწერ ქვეყანას უფლება აქვს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის §2-ის მე-2 მუხლთან შესაბამისად, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, გამოიყენოს სიკვდილით დასჯა, მით უფრო, რომ ერთ-ერთი დანაშაული, რაშიც ხ. ჯ-ს ედება ბრალი, ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას.

,,ექსტრადიციის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულისათვის, რომლის მიზეზითაც დგება ექსტრადირების საკითხი, მისი მომჩივანი მხარის კანონმდებლობა ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას და თუ სასჯელის ამ უკიდურეს ზომას არ ითვალისწინებს ადრესატი ქვეყნის კანონმდებლობა ან ეს ზომა აქ ზოგადად არ აღესრულება, მაშინ ექსტრადირება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ მომჩივანი მხარე წარუდგენს ამ უკანასკნელის ჩათვლით საკმარის გარანტიებს, რომ გადასაცემი პირის მიმართ არ იქნება გამოყენებული სასჯელის ეს უკიდურესი ზომა. დადგენილების თანახმად, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა იძლევა გარანტიას, რომ ხ. ჯ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში აღნიშნული პირი, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით. ამასთან, ხ. ჯ. არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელს. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 12 აპრილის განაჩენი საქმეზე ¹36378/02 ,,შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ”; რა შედეგები მოჰყვა ამ საქმეს, ესეც ცნობილია, თუმცა, ამ საქმესთან დაკავშირებითაც საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ გარანტიებსა და იმ ვალდებულებებზე, რაც რუსეთის სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ხ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი _ ხ. ჯ. კასატორის განმარტებით, მათი ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ იქნა შუალედური განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში და 2008 წლის 6 მაისს სასამართლოდან მიიღეს გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ სასურველია ხ. ჯ. არ იქნას ექსტრადირებული რუსეთის ფედერაციაში ახალ ბრძანებამდე. ადვოკატმა მ. ხ-მა აქვე აღნიშნა, რომ საქართველო არის აღნიშნული კონვენციის მონაწილე და მისთვის ეს მითითება შესასრულებლად სავალდებულოა. აღნიშნული ექსტრადიცია შეუსაბამოა ექსტრადიციის შესახებ ევროპულ კონვენციასთან და სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ მინსკის კონვენციასთან.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ხ-მა წარმოადგინა რუსეთის ფედერაციიდან მიღებული რეკომენდაცია, ქართულ ენაზე ნათარგმნი, დამოწმებული ორიგინალი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ხ. ჯ. მისი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროს მონაწილეობას ღებულობდა არჩევნებში და მის ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მათ წინააღმდეგ იყენებდნენ კანონით აკრძალულ მეთოდებს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ზუსტად ეს ორგანიზაცია, რომელიც წერს, რომ ხ. ჯ-ს ოჯახის წევრებმა ამ ორგანიზაციას მიმართეს ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და იძლევა რეკონემდაციას, რომ სასურველი არ არის ხ. ჯ. გადაცემულ იქნას, ვინაიდან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ იგი დაექვემდებაროს წამებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა _ გ. ბ-მ და ი. ჩ-მა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები და იშუამდგომლეს გასაჩივრებული დადგენილების უცვლელად დატოვება.

პროკურორმა გ. ბ-მ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე მხარს არ უჭერს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ გარკვეულ მტკიცებულებებს. ადვოკატის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც საქართველოს ავალდებულებს დროებით თავი შეიკავოს ბატონი ჯ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციისაგან, რადგან არ მოხდეს აუნაზღაურებული ზიანის მიღება. საქართველოს ვალდებულებაა ითანამშრომლოს სასამართლოსთან და შესაბამისად ბრალდების მხარე აღიარებს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს, რომ არ მოხდეს ბატონი ჯ-ს ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში. შესაძლებელია მიღებულ იქნას ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა არ აღსრულდეს მანამ, სანამ ევროპული სასამართლო საბოლოოდ არ შეაფასებს ემუქრება თუ არა საფრთხე ხ. ჯ-ს. თუმცა, მანამდე საქართველოს საერთო სასამართლოებს შეუძლიათ შეაფასონ, თუ რამდენად კანონიერია ხ. ჯ-ს ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში საქართველოს შიდა კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებით.

რაც შეეხება წამებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ რისკს, დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებდა მ-ს საქმეში არსებულ ფაქტებზე. რა თქმა უნდა საქართველოს გენერალური პროკურატურა აცნობიერებს საქართველოს ვალდებულებას არ მოახდინოს ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც ექსტრადირებულ პირს შესაძლებელია ემუქრებოდეს წამების საფრთხე, ასევე აცნობიერებს, რომ წამება არის აბსოლუტური უფლება და ნებისმიერი რისკის არსებობისას სახელმწიფო ვალდებულია უარი თქვას პირის ექსტრადიციაზე, რაც ნაგულისხმევია ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლში და გაეროს წამების აკრძალვის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლში. იგივეს ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს საკმაოდ ერთგვაროვანი პრაქტიკა, თუმცა მაშინ, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურატურა იღებდა ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რომ ბატონი ჯ-ს მიმართ იარსებებდა წამების საფრთხე, ასევე არ არსებობდა რაიმე კონკრეტული ხელჩასაჭიდი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ჯ-ს მიმართ შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო წამების საფრთხე ან/და საერთოდ არსებობდა თუ არა წამების რისკი. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ის პრინციპი, რომელიც დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ მ. და ა. თურქეთის წინააღმდეგ საქმეში, სადაც სასამართლო გადაწყვეტილების 53-ე პარაგრაფში აღნიშნავს, რომ წამების რისკის შეფასებისას უნდა არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები კონკრეტული ადამიანების მიმართ. აღნიშნული მტკიცებულებები არ არსებობდა მაშინ, როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ.

ის მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი, არ ყოფილა წარმოდგენილი სულ თავიდანვე ჯერ მაშინ, როდესაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იხილებოდა საკითხი ბატონი ჯ-ს ექსტრადიციის შესახებ და ასევე ამ მოცულობით, რა მოცულობითაც დაცვის მხარემ წარადგინა დოკუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი საქმის სასამართლოში განხილვის დროს. შესაბამისად, კომპეტენტური უწყებების მიერ, ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა, რომ ბატონი ჯ-ს მიმართ არ არსებობდა წამების საფრთხე.

პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმაოდ სერიოზულია, თუმცა სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს ისინი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 აპრილის დადგენილება და საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოება. საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 24 მარტის დადგენილებაში მიმოხილულია ყველა ის საექსტრადიციო მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ,,ექსტრადიციის შესახებ” ევროპულ კონვენციასა და ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის კონვენციაში.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ დადგენილება მიღებულ იქნა ზემოთ მოცემული ექსტრადიციის მარეგულირებელი ყველა სამართლებრივი აქტის დაცვით. თუმცა, არსებითად მნიშვნელოვანია, სათანადოდ შეფასდეს ექსტრადიციის ყოველი გადაწყვეტილების შესაბამისობა გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის კონვენციის (შემდეგში – გაეროს წამების კონვენცია) მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის (შემდეგში – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) მე-3 მუხლით საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან.

ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ ხელშეუხებელ უფლებას, რომლისგან გადახვევაც უპირობოდ დაუშვებელია. გაეროს წამების კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, პირის წამებისგან დაცვის ვალდებულება ასევე მოიცავს ვალდებულებას, არ იქნეს გაძევებული, დაბრუნებული ან ექსტრადირებული პირი სხვა სახელმწიფოში, სადაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი იქ დაექვემდებარება წამებას.

იგივე ვალდებულება ასევე ნაგულისხმევია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლში, როგორც ეს განმარტებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ თავის ცალკეულ გადაწყვეტილებებში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შოერინგ ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ, (ჯუდგმენტ ოფ 7 ჟულყ 1989, შერიეს A ნო. 161, §§ 90-91) დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად ხელშემკვრელ სახელმწიფოს პასუხიმგებლობა ეკისრება პირის ექსტრადირებისათვის, თუ არსებობს ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმმართველ სახელმწიფოში ხსენებული მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევის გათვალისწინებადი საფრთხე. სასამართლომ იმავე პრინციპს არაერთხელ მიმართა სხვა საქმეებშიც (შაადი ვ. Iტალყ (Gრანდ ჩჰამბერ ჟუდგმენტ, 28 Fებრუარყ 2008, Aპპლიცატიონ ნო. 37201/06 პარა. 125, Vილვარაჯაჰ ანდ Oტჰერს, ციტედ აბოვე, § 103; შალაჰ შჰეეკჰ ვ. ტჰე Nეტჰერლანდს, ნო. 1948/04, § 135, 11 ჟანუარყ 2007).

განსხვავებით სხვა უფლებებისა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაცულ უფლებას აბსოლუტური ხასიათი აქვს, რაც უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლების დაცვისგან გადახვევის შესაძლებლობას (შელმოუნი ვ. Fრანცე [Gჩ], ნო. 25803/94, § 95, EჩHღ 1999-V; Aლ-Aდსანი ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ [Gჩ], ნო. 35763/97, § 59, EჩHღ 2001-XI). აღნიშნული ასევე გულისხმობს იმას, რომ მიმღებ სახელმწიფოში წამების რისკის არსებობის შემთხვევაში ექსტრადიციას არ ამართლებს საექსტრადიციო პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი (შჰამაყევ ანდ Oტჰერს ვ. Gეორგია ანდ ღუსსია, ნო. 36378/02, § 335, EჩHღ 2005-III), თუ მხედველობაში იქნება მიღებული ის ფაქტი, რომ ხ. ჯ-ს რუსეთის ფედერაციაში ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის _ ტერორიზმის ჩადენა.

გარდა ამისა, გადამცემი სახელმწიფო ვალდებულია, სათანადოდ გამოიკვლიოს და შეაფასოს მიმღებ სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული წამების საფრთხე. ასეთი საფრთხის შეფასებისას საკმარისი არ არის მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესწავლა. საჭიროა, სათანადო მტკიცებულებები იქნეს მოპოვებული კონკრეტულ საექსტრადიციო პირთან მიმართებით

ამასთან, ხ. ჯ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას არ გამოკვლეულა ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით მიმღებ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობა წამების საფრთხის მხრივ, რამაც შეიძლება საქართველოს შეუქმნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და გაეროს წამების კონვენციით აღებულ ზემოხსენებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის რისკი. იმავდროულად, პალატა მხედველობაში იღებს რა ზემოაღნიშნული ვალდებულების იმპერატიულობასა და ამ ვალდებულებით დაცული უფლების აბსოლუტურობას, მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის დადგენილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 აპრილის დადგენილება, რომლითაც საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ხ. ჯ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ დარჩა უცვლელად, უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღნიშნული დადგენილებების მიღებისას გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელსა და სასამართლოს არ უმსჯელიათ და სათანადოდ არ გამოუკვლევიათ ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლისა და გაეროს წამების კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხე და ამ საფრთხის რეალურობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 აპრილის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება ხ. ჯ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

გაუქმდეს ხ. ჯ-ს მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 28 მარტის დადგენილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.