დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.11.2008
საქმის ნომერი
2კ-24-I-08
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

24I 20 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ჭ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ ს. ჭ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განაჩენით ს. ჭ-ი, _ დაბადებული .... წელს, საქართველოს მოქალაქე, ..... განათლებით, დაქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გორის რაიონის სოფელ ხ-ში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ’’ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე ს. ჭ-ი გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან.

2008 წლის 13 მაისს მსჯავრდებულმა ს. ჭ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ ს. ჭ-ს სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება, რაც დროულად ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ არის მეტად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და მას არ ჰქონდა კვალიფიციურ იურისტის კონსულტაციისთვის საჭირო თანხა. უფასო ადვოკატთან დაკავშირება კი მან მაშინ შეძლო, როცა გასული იყო გასაჩივრების ვადა. საჩივრით მსჯავრდებული ს. ჭ-ი ითხოვდა გაშვებული ვადის აღდგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებით მსჯავრდებულ ს. ჭ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულმა ს. ჭ-მ აღნიშნული სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს მის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და შეამოწმა მსჯავრდებულ ს. ჭ-ს კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი მსჯავრდებულ ს. ჭ-ს მიმართ დადგენილია 2008 წლის 28 მარტს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ს. ჭ-მ საკასაციო საჩივრის შეტანა დააგვიანა იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა დამცველისთვის მომსახურების ანაზღაურების საშუალება, პალატა ამას ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ს. ჭ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ ს. ჭ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.