დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.10.2009
საქმის ნომერი
2კ-16-I-09
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-16-I-09 ქ. თბილისი

7 ოქტომბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ან ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ა. ჯ-ია, _ დაბადებული ................., ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 28 აპრილიდან; მასვე დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 ათასი ლარის გადახდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ჯ-ამ, რომელმაც ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. საკასაციო საჩივარში მან აღნიშნა, რომ არ სურდა ა. გ-ას მოკვლა და ითხოვა სამართლიანი განაჩენის დადგენა თავისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ განიხილა, რადგან კასატორს გაშვებული ჰქონდა განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.

მსჯავრდებულის ადვოკატმა გ. ბ-ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლისა და მისი აღდგენის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განჩინებით.

ადვოკატი გ. ბ-ძე საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ა. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ შეუტანია ვადის დარღვევით; მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი, რომელსაც რეალურად არ განუხორციელებია თავისი უფლებამოსილება და მსჯავრდებულისათვის არ გაუწევია იურიდიული დახმარება. 2008 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენი ა. ჯ-ას ჩაბარდა 30 ოქტომბერს, რომელმაც საკასაციო საჩივარი დაწერა 22 ნოემბერს, რადგან იცოდა, რომ 24 ნოემბერს ეწურებოდა გასაჩივრების ვადა; საჩივარი გადაეცა საპყრობილის თანამშრომელს, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მსჯავრდებულის ხელმოწერის ნამდვილობა, რის შემდეგ მას დაადასტურებდა საპყრობილის დირექტორი; ყოველივე ზემოაღნიშნულს ა. ჯ-ია ვერ გააკეთებდა, ციხის თანამშრომელს კი დაავიწყდა საჩივრის კანცელარიაში დროულად ჩაბარება ან შეგნებულად დააგვიანა. ამასთან, საჩივარი სულ ორიოდე სიტყვისაგან შედგებოდა და მისი ავტორი მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ადვოკატი გ. ბ-ძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმებას, გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლასა და საკასაციო საჩივრის განხილვას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთს აკისრებს ვადის გამცდენს. გარდა იმისა, რომ საჩივარი კანონის ამ მოთხოვნას არ პასუხობს, საქმის მასალებიდანაც არ გამომდინარეობს გაცდენილი ვადის აღდგენის რაიმე საპატიო მიზეზი, კერძოდ, სააპელაციო პალატის განაჩენი მსჯავრდებულს ჩაბარდა 2008 წლის 30 ოქტომბერს, რომლის გასაჩივრების ვადის თაობაზე ა. ჯ-ამ იცოდა და ეს განსახილველ საჩივარშიც აღნიშნულია. ამის მიუხედავად, საკასაციო საჩივარი დათარიღებულია 2008 წლის 25 ნოემბრით და იმავე დღესაა რეგისტრირებული. საგულისხმოა ისიც, რომ იმავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააპელაციო საჩივარი რეგისტრირებულია მისი შედგენის დღესვე, ხოლო საკასაციო საჩივარი _ მსჯავრდებულის მტკიცებით _ 3 დღის შემდეგ.

პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გაცდენის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია.

სარეზოლუციო ნაწილი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ა. ჯ-ას ადვოკატის შუამდგომლობა საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.