დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.12.2009
საქმის ნომერი
2კ-20-I-09
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.12.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-20-I-09 22 დეკემბერი, 2009 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ბ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით რ. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 9 (ცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა და რ. ბ-ძეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 9 (ცხრა) დღის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულმა რ. ბ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმიტომ, რომ იყო ავად, აქვს კუჭის წყლული და იმ პერიოდში აწუხებდა ძლიერი შეტევები, არც ადვოკატი ჰყავდა, რის გამოც გაუშვა საკასაციო გასაჩივრების ვადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ბ-ძეს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულმა რ. ბ-ძემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. ბ-ძის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მან საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმის გამო, რომ ჰქონდა კუჭის წყლულის ძლიერი შეტევები და არ ჰყავდა ადვოკატი, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან 2008 წლის 6 ივნისიდან 2009 წლის თებერვლამდე რ. ბ-იძე არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულების ავადმყოფთა სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული და არც რაიმე ჩივილებით მიუმართავს სამედეცინო ნაწილისათვის. რაც შეეხება ადვოკატის არყოლას, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია უშუალოდ რ. ბ-ძის მიერ, ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ბ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ რ. ბ-ძეს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.