შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 05.12.2008
საქმის ნომერი
99საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹99-საზ ქ. თბილისი

1 დეკემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ”, “ე” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით გ. თ-ს დაზარალებულ გ. რ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 179 ლარის გადახდა, ხოლო დაზარალებულ ლ. კ-ს სასარგებლოდ _ 400 ლარის გადახდა.

აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 იანვრის განაჩენით გ. თ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლის მეორე ნაწილიზე.

გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “ე” ქვეპუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სააბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით გ. თ-ს დაზარალებულ გ. რ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 179 ლარის გადახდა, ხოლო დაზარალებულ ლ. კ-ს სასარგებლოდ _ 400 ლარის გადახდა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 26 მაისიდან.

განაჩენით გ. თ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.

მსჯავრდებული გ. თ. საჩივრით ითხოვს თავის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით გ. თ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და “ე” ქვეპუნქტები (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისათვის, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის), იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის) კი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და “ე” ქვეპუნქტები (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. თ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. თ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება