დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
136 საზ თბილისი
17 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ც-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის განაჩენით პ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და პ. ც-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ი. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ა. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით კ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებული პ. ც. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ პ. ც-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ისეთი ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა - კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი მისი ქმედების კვალიფიკაციის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მასთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულების _ ი. ა-ს, ა. ქ-სა და კ. ა-ს მიმართ და მიიჩნია, რომ, ზემომითითებულ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენი მათი მსჯავრდების ნაწილში ასევე უნდა დარჩეს უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დსკვნამდე, რომსამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულების _ პ. ც-ს, ი. ა-ს, ა. ქ-სა და კ. ა-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567_568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ პ. ც-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულების _ პ. ც-ს, ი. ა-ს, ა. ქ-სა და კ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.