დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
172საზ ქ. თბილისი
12 მარტი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განაჩენით გ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით): 240-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; 236-ე მუხლის პირველი ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ჭ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 5 იანვრიდან.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის პირდი საქმის მასალები და შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ისეთი ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა - კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი მისი ქმედების კვალიფიკაციისა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მათთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჭ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჭ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.