შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
233 საზ. 25 ივლისი, 2008 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. ფ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1994 წლის 17 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1994 წლის 17 მაისის განაჩენით ფ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და იმავე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; 203-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა – 6 (ექვსი) წლის ვადით. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ. ფ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით გ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტების საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით გ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით; 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
იმავე განაჩენით ი. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტების საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 1993 წლის 30 ივლისიდან.
განაჩენით ფ. ფ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა ბინაში შეღწევით, ჩაიდინა ყაჩაღობა. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, აგრეთვე ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება. მანვე ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მსჯავრდებული ფ. ფ. საჩივრით ითხოვს თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1994 წლის 17 მაისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ფ. ფ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედებებისათვის საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჩადენილი ჯგუფურად) და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ბინაში უკანონო შეღწევით) შესაბამისად, სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ფ. ფ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებიდან შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის მეხუთე პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, ამასთან, აღნიშნული სასჯელები, კანონის შესაბამისად, შთანთქმულ უნდა იქნეს მის მიმართ იმავე განაჩენით დანიშნული უფრო მკაცრი სასჯელით, რის გამოც მსჯავრდებულ ფ. ფ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ფ. ფ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდების ნაწილში, ვინაიდან საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება აღარ წარმოადგენს დასჯად ქმედებას.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულ ფ. ფ-ს მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს – გ. ზ-ს, გ. თ-სა და ი. პ-ს, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ასევე მათ მიმართ ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო, კერძოდ, მსჯავრდებულების _ გ. ზ-ს, გ. თ-სა და ი. პ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების – ფ. ფ-ს, გ. ზ-ს, გ. თ-სა და ი. პ-ს მიმართ აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი მათი შეცვლისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ ფ. ფ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1994 წლის 17 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ ფ. ფ-ს მიმართ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ფ. ფ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ასევე მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, ხოლო აღნიშნული სასჯელები, კანონის შესაბამისად, შთანთქმულ იქნეს განაჩენით მის მიმართ დანიშნული უფრო მკაცრი სასჯელით, რის გამოც მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელის ზომად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მსჯარდებულების _ გ. ზ-ს, გ. თ-სა და ი. პ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების – ფ. ფ-ს, გ. ზ-ს, გ. თ-სა და ი. პ-ს მიმართ აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.