შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
265საზ 14 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განაჩენით ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით _ 5 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, II ნაწილით _ 3 წლით, 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 4 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 5 წლით, 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“, ,,ბ” ქვეპუნქტებით – 12 წლით, 353-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის III ნაწილით, ნაწილობრივი შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
განაჩენით ზ. გ-ს მსჯავრი დაედო ძარცვისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის; საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის; ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, არაერთგზის.
მსჯავრდებული ზ. გ.-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19, 178-ე მუხლის II ნაწილის „ბ“, ,,დ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 353-ე მუხლის I ნაწილითა და 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჯგუფურად, არაერთგზის, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამავე მუხლის III ნაწილით, რაც ითვალისწინებს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებსა (ყაჩაღობა ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჯგუფურად), და სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის), რომელიც ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის III ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს. ამდენად, განაჩენი ამ ნაწილში მსჯავრდებულის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ ზ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორია.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ზ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.