შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
436-საზ 21 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე, ა. ტ-თან ერთად, დაზარალებულ ვ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
მსჯავრდებული ი. ა-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 29 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ი. ა-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), დიდი ოდენობითა და სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტს (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (ქურდობა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-3 ნაწილის ,,,ბ” ქვეპუნქტი კი შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით). საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ” ქვეპუნქტები (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და ქურდობა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით) სასჯელის ზომად ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე. აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ი. ა-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ი. ა-ის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან იგი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში და არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ი. ა-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისად გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.