შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
448/საზ ქ. თბილისი
4 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ივნისის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და 236-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რის გამოც მას, აღნიშნული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებული ა. გ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ივნისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. გ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტების, იმავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე და მეექვსე პუნქტების, იმავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის, ასევე, აღნიშნული კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შესაბამისი სასჯელების დანიშვნით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ის ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 238-ე მუხლის მე-5 ნაწილითა (ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება) და იმავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით). საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით დიდ ოდენობად ითვლებოდა ფულადი თანხა და სხვა ქონება, აგრეთვე ზარალი 2000-დან 10 000 ლარის ჩათვლით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედი კანონით დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ან ნივთების ღირებულება 10 000 (ათი ათას) ლარს ზევით, ხოლო ა. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებით მიყენებული ზარალი 10 000 ლარს არ აღემატება, მის მიმართ აღნიშნული ბრალდების ნაწილში უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. გ-ს ასევე უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და მის მიმართ ამ ნაწილშიც უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით აღარ არის დასჯადი. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით ა. გ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი შეცვლისათვის.
განხილული გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 7 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ა. გ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტისა და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შერაცხული ბრალდებები და ამ ნაწილებში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმების გამო.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.