შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 07.03.2008
საქმის ნომერი
21საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.03.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

21საზ. 7 მარტი, 2008 წელი

Q ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ივლისის განაჩენით დ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლით, აგრეთვე იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

მსჯავრდებული დ. მ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ივლისს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. მ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2000 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), რომლიც ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ დ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, დ. მ-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.