შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
198/საზ-07 ქ. თბილისი
24 აპრილი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ივლისის განაჩენით:
ვ. კ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 250 დღიური ანაზღაურებით, დღიური ანაზღაურება განისაზღვრა 2 ლარით და დაეკისრა ჯარიმა _ 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 8 თვე, 23 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ჯარიმა _ 500 ლარი.
ვანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის განაჩენით:
ვ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლით (ძვ.რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ.რედაქცია) _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით (ძვ.რედაქცია) _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 238-ე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 238-ე მუხლის III ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ ვ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე ვ. კ-ძე ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად და მას სასჯელი უნდა მოეხადა განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 10 მარტიდან.
ა. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საერთო რეჟიმის შრომა გასწორების კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 11 თებერვლიდან.
თ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 11 თებერვლიდან.
ა. ა-სა და ვ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრათ თ. და ნ. გ-ს სასარგებლოდ 372 ლარის გადახდა, ხოლო ა. ა-სა და თ. ხ-ს _ ფ. ბ-სა და კ. გ-ს სასარგებლოდ 350 ლარის გადახდა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 7 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ვ. კ-ს მიმართ განაჩენის აღწერილობითი ნაწილიდან ამოირიცხა მითითება წარსულში მის ორჯერ ნასამართლობაზე და მიეთითა, რომ იგი ერთხელაა ნასამართლევი. განაჩენიდან ასევე ამოირიცხა ის, რომ იგი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად იყო ცნობილი და სასჯელი უნდა მოეხადა განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) მას განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ ვ. კ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში.
თ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეექვსე პუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში მოხდით.
ა. ა-ს მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის I-VI პუნქტებით მისი მსჯავრდებისა და შესაბამისად, დანიშნული სასჯელის შესახებ; ასევე ამოირიცხა მითითება საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის განსაზღვრის შესახებ. მას საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) დანიშნული სასჯელის _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდა განესაზღვრა საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით ვ. კ-ს გაუნახევრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25 ივლისის განაჩენით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ ჯარიმა 500 ლარი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 250 ლარი. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
გადახდილ ჯარიმაზე არ იქნა გავრცელებული «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონი.
ვანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის განაჩენით ვ. კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ყაჩაღობა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე. ი სხვისი ქონების ფარული გატაცება განმეორებით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, დამზადება და გადაზიდვა; არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში; ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, გასაღების მიზნით.
მსჯავრდებული ვ. კ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული ვანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის განაჩენის გადასინჯვასა და მის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ვანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის განაჩენით ვ. კ-ძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), სსკ-ის 236-ე მუხლით, სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 238-ე მუხლის I-II-III ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) (ყაჩაღობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედაქცია) (ქურდობა, ე.ი სხვისი ქონების ფარული გატაცება განმეორებით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე ნაწილი (ძვ.რედ.) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ არ იცვლება და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, სსკ-ის 236-ე მუხლით (ძვ.რედაქცია), სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის IV-VI პუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ თ. ხ-სა და ა. ა-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ ვანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით თ. ხ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I-VI პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის, ხოლო ა. ა-ს _ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I-IV-VI პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ თ. ხ-სა და ა. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულთა სასიკეთოდ იცვლება, ხოლო დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ისინი სანქციის ფარგლებშია.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულების _ თ. ხ-სა და ა. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის IV-VI პუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ვანის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულების _ ვ. კ-ს, ა. ა-სა და თ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის I პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ ვ. კ-ს, ა. ა-სა და თ. ხ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.