დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.11.2008
საქმის ნომერი
220საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

220საზ ქ. თბილის 11 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით მ. ჟ., _ დაბადებული ..... წლის ....-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

აღნიშნული ქმედებისათვის მ. ჯ-ს მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 11 იანვრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი აღნიშნულ განაჩენზე ცნობილია დაუშვებლად.

მსჯავრდებული მ. ჯ. საჩივარში აღნიშნავს, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 3781-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ამიტომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ» ქვეპუნქტით და არა _ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მისი ქმედების გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის განსაზღვრას მითითებული მუხლის სანქციის ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ მ. ჯ-ს პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. ჯ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რომელთაც მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი.

ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2005 წლის 20 დეკემბერს შეტანილი ცვლილება, რომელზეც მიუთითებს საჩივრის ავტორი, ამოქმედდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და მოქმედებდა თბილისის სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 4 აპრილის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მ. ჯ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.