დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.03.2008
საქმის ნომერი
303საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

303საზ 10 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით გ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც, საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის I ნაწილის თანახმად, დაემატა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის (4 წელი, 5 თვე, 28 დღე) მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი და მას საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 16 მარტიდან.

გ. ჭ-ს განაჩენით მსჯავრი დაედო ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობისათვის დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

მსჯავრდებული გ. ჭ-ა საჩივრით ითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება (ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის), დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებდა 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 177-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებს (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ესეც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის III ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ჭ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენი გ. ჭ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.