შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
322/საზ 11 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ქ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 5 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით პ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 1 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
ამავე განაჩენით ვ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2001 წლის 12 აპრილიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ტყიბულის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილება შევიდა იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის ნაცვლად გამოყენებულ იქნა სსკ-ის 59-ე მუხლი და შთანთქმის პრინციპით პ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
განაჩენით პ. ქ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ესე იგი თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
მსჯავრდებული პ. ქ-ლი ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ პ. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა დანაშაულის სიმძიმის კატეგორია. რაც შეეხება მსჯავრდებულის ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რითაც არ იცვლება 179-ე მუხლის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის კატეგორია.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ამდენად, განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ პ. ქ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე. მსჯავრდებულ პ. ქ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სარევიზიო წესით, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი ვ. ბ-ის მიმართაც უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის იმ ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის I ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ პ. ქ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 5 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულ პ. ქ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.