დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
325საზ ქ. თბილისი
14 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჭ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის განაჩენით თ. ჭ-ა, - დაბადებული .. წლის ….., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 17 სექტემბრიდან.
თ. ჭ-ს განაჩენით მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის _ ავტომანქანის დროებითი გამოყენების მიზნით _ ფარულად დაუფლების მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი შეიცვალა: თ. ჭ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული თ. ჭ-ა საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. ჭ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, არაერთგზის _ დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის), რაც ითვალისწინებს, შესაბამისად, სამიდან ხუთ წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ჭ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. ჭ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განაჩენი თ. ჭ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.