დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.09.2008
საქმის ნომერი
337საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.09.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

337-საზ 15 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. დ-ის საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 16 ივნისიდან.

განაჩენით ა. დ-ს მსჯავრი დაედო ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად.

მსჯავრდებული ა. დ-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი _ ი. დ. საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ა. დ-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი, დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება და არ წარმოადგენს დანაშაულს.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება (ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ჯგუფურად), დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებდა 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის «ა», ,,დ» ქვეპუნქტებს (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ესეც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. დ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის I ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. დ-ის საჩივარები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.