დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.02.2008
საქმის ნომერი
381საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

381/საზ ქ. თბილისი 11 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 26 თებერვლის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 ივნისის განაჩენით გ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 60-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ გ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 9 დეკემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ს-ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 ივნისის განაჩენით შეფარდებული 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 6 წლამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 9 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 26 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად.

განჩინებით გ. ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან, მთვრალმა, ჩაიდინა ავტოფარეხის ხელშეუხებლობის დარღვევა, ავტოფარეხში უკანონოდ შესვლა, ძალადობითა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით; მანვე, მთვრალმა, ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების გარეშე, დროებითი გამოყენების მიზნით, არაერთგზის, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

მსჯავრდებული გ. ს-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შესული ცვლილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, არაერთგზის), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ს-ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მასთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 26 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.