დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
14საზ ქ. თბილისი
9 ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა.-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:P გ. ა.-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ,,გ“ ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ა.-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. ა. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ა.-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ისეთი ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა - კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი მისი ქმედების კვალიფიკაციისა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 13 ივლისის განაჩენითთბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გ. ა.-ს მიმართ მოიყვანა ახალ კანონთან შესაბამისობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ა.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. ა.-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გოჩა არსენიძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.