შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21 საზ 30 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, ი. ტყეშელაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 4 მაისის განაჩენით გ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 214-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; 203-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით; 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-2 და მე-4 ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; მე-17 მუხლისა და 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების საფუძველზე _ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება სიკვდილით დასჯა.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 ივნისის კანონის პირველი მუხლის თანახმად, გ. დ-ა სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და იმავე კოდექსის 214-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოო სასჯელის ზომად გ. დ-ს განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 4 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. და-ს მიმართ დარჩა უცვლელად,საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებულ გ. დ-ს დანიშნული სასჯელი – სიკვდილით დასჯა - შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
იგი სასჯელს იხდის 1993 წლის 13 ივნისიდან.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 ივნისის განჩინებით გ. დ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მას ჩადენილი ჰქონდა რა გაუპატიურება, კვლავ ჩაიდინა არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობა, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა; მანვე ჩაიდინა მოქალაქეთა პირადი ქონების ყაჩაღობა, რასაც თან ერთოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, სხეულის მძიმე დაზიანებით; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და გაადვილების მიზნით; მანვე შეიძინა და გადააკეთა ყალბი დოკუმენტები მისი გამოყენების მიზნით და ასევე პირთა ჯგუფთან ერთად გაიქცა საპატიმროდან.
მსჯავრდებული გ. დ-ა საჩივრით ითხოვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 ივნისის განჩინების გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მისთვის დანიშნული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირებას 15 წლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. დ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 ივნისის განჩინებით სასჯელად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა. ამ დანაშაულისათვის ალტერნატიულ სასჯელს წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის ზომად დაწესდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამრიგად, გ. დ-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულ გ. დ-ს მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელთა სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო მსჯავრდებულს აღნიშნული სასჯელის ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელიც ადგენდა პასუხისმგებლობას სხეულის მძიმე დაზიანებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, რისთვისაც იგი სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ამჟამად შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილს, აგრეთვე ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტს, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) იმ პირის მიერ ჩადენილი ყაჩაღობისათვის, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა, სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე და შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე,საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. დ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის მეორე პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, ხოლო ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. ასევე მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის მეოთხე პუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვიდან თხუთმეტ წლამდე ან სიკვდილით დასჯას და, იმის გათვალისწინებით, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, აღნიშნული ქმედება ამჟამად შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტს, რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე, რაც, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტისა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეცვლის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. დამენიას ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ს მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან მიმართებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც აღნშინული განჩინება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. დ-ს, რომელსაც სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომელიც, კანონის შესაბამისად, შთანთქავს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნულ სასჯელებს, ასევე გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრულ სხვა სასჯელებს.
საკასაციო პალატა საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 ივნისის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ გ. დ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. დ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 20 ივნისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულ გ. დამენიას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე და მას ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის მეორე პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის მეოთხე პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-6 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც შთანთქმულ იქნეს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე მის მიმართ განსაზღვრული სხვა სასჯელები, რის გამოც მსჯავრდებულ გ. დ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. დ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.