დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
95საზ ქ. თბილისი
28 ნოემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენით:
გ. კ., - დაბადებული ...... წელს, ცოლშვილიანი, ნასამართლევი, - ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ», «დ» ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით – 4 წლით თვისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 31 აგვისტოდან.
ამავე განაჩენით რ. ტ-ი, – დაბადებული .... წელს, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, შვილიანი, ნასამართლევი, - ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» და «დ» ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით – 4 წლით თვისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 8 დეკემბერიდან.
განაჩენით გ. კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე ჩაიდინა სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება; მანვე ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით.
მსჯავრდებული გ. კ. საჩივრით ითხოვს თავის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან შვიდ წლამდე, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», ,,ბ», «დ», «ე» ქვეპუნქტებს (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ან ასეთი ძალადობის მუქარით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», ,,ბ», «დ» «ე» ქვეპუნქტებით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ. კ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ», «დ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ საქმე სრული მოცულობით შეამოწმა და მიიჩნევს, რომ ზემომითითებული მოტივების გათვალისწინებით, განაჩენი მსჯავრდებულ რ. ტ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.