შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 13.07.2009
საქმის ნომერი
108საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

108საზ-08 13 ივლისი, 2009 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ჩ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვანის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 16 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის განაჩენით პ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე _ 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, პ. ჩ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

იმავე განაჩენით:

გ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) _ 152-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა; 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მე-17 მუხლისა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 253-ე მუხლის საფუძველზე _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, გ. რ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

გ. რ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 7 ივლისიდან.

ზ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-40 მუხლის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, ზ. გ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ზ. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 1 ნოემბრიდან.

ა. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ა. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1997 წლის 15 სექტემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით პ. ჩ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 181-ე მუხლის პირველი ნაწილის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 109-ე მუხლის «კ» ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, პ. ჩ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, აღნიშნულმა სასჯელმა შთანთქა ვანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

მსჯავრდებული პ. ჩ-ე სასჯელს იხდის 1997 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 16 ივლისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენი პ. ჩ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, მსჯავრდებული პ. ჩ-ე თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ პ. ჩ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ მითითებული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «კ» ქვეპუნქტის სანქცია (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) სანქციით იმავე დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის ზედა ზღვარი.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა; ამავე დროს, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ ნაწილში სასჯელის დანიშვნაზე, ვინაიდან პ. ჩ-ემ ჩაიდინა ერთი უმართლობა რამდენიმე დამამძიმებელ გარემოებაში, რომელთაგან ერთი, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით (ყაჩაღობა, ბინაში უკანონო შეღწევით), სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რომელიც შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტს (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). მისი სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, რაც აღემატება მსჯავრდებულ პ. ჩ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს _ თავისუფლების აღკვეთას 9 (ცხრა) წლის ვადით. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «კ’’ პუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მის მიმართ ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით _ უნდა შემცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რის გამოც ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით, რომლითაც შთაინთქმება მის მიმართ ვანის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული სხვა სასჯელები და მსჯავრდებულ პ. ჩ-ს საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

რაც შეეხება პ. ჩ-ის მსჯავრდებას ვანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის განაჩენით _ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 23 აპრილის განაჩენით _ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 181-ე მუხლის პირველი ნაწილისა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, მათთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება, ამიტომ ამ ნაწილში აღნიშნული განაჩენები პ. ჩ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ გ. ღ-ის, ზ. გ-ისა და ა. გG-ის მიმართაც და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული მოტივების გათვალისწინებით, გ. რ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), ხოლო ამ მუხლით დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება ვანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის განაჩენით: გ. რ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-17 მუხლისა და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 253-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ზ. გ-ის მსჯავრდებას _ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ასევე ა. Gგ-ის მსჯავრდებას _ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ ნაწილებთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება, რის გამოც აღნიშნული განაჩენი მათ მიმართაც უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ პ. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ვანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 16 ივლისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულების _ პ. ჩ-ისა და გ. რ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია).

მსჯავრდებულ პ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის «კ’’ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით, რომლითაც შთანთქმულ იქნეს მის მიმართ ვანის რაიონის სასამართლოს განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით განსაზღვრული სხვა სასჯელები და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

ვანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 16 ივლისის განჩინება სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ პ. ჩ-ს, გ. რ-ის, ზ. Gგ-სა და ა. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.