შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
115-საზ ქ. თბილისი
12 თებერვალი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე)
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 ივლისის განაჩენით ს. ს-ე, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და ვ. კ-ი, _ საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, 3-3 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენით დადგენილია, რომ ს. ს-მ და ვ. კ-მ ჯგუფურად ჩაიდინეს შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
მსჯავრდებული ს. ს-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) სსკ-ის 177-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანასა და 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებას იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ს. ს-ესა და ვ. კ-ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 8-დან 15 წლამდე ვადით და წარმოადგენდა განსაკთრებით მძიმე დანაშაულს. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად აწესებს, შესაბამისად, 2-დან 6 წლამდე და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს.
ამრიგად, ს. ს-სა და ვ. კ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრიით, ყველაზე მსუბუქია საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსი. აქედან გამომდინარე, ს. ს-ძისა და ვ. კ-ის ქმედების კვალიფიკაცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის გამოყენების შესახებ, რადგან ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლითა და 593-ე უხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ:
ს. ს-ისა და ვ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2004 წლის 11 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს 2006 წილს 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.