შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 17.02.2009
საქმის ნომერი
118საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.02.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

118/საზ-08 ქ. თბილისი

17 თებერვალი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 აპრილის განაჩენით მ. კ-ე, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 151-ე მუხლით _ ჯარიმა 400 ლარის ოდენობით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ», ,,ე» ქვეპუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მ. კ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რასაც, საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და მსჯავრდებულს საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 5 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: მ. კ-ე გამართლდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის I ნაწილით (2003 წლის 20 ივნისის კანონი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 151-ე მუხლით (1999 წლის 22 ივლისის კანონი) _ დაეკისრა ჯარიმა _ 400 ლარის ოდენობით, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და მსჯავრდებულ მ. კ-ეს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდა და საბოლოოდ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განესაზღვრა _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებულ მ. კ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ-შვილი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მ. კ- ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის I ნაწილით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სხვისი ნივთის განადგურებისათვის ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან რვა წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი (სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც ის წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის კანონი) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება. ამასთან, მსჯავრდებულ მ. კ-ისათვის შეფარდებული სასჯელი სანქციის ფარგლებშია, რის გამოც განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ მ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.