საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.04.2010
საქმის ნომერი
2კ-868აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-868აპ.-09 ქ. თბილისი

27 აპრილი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ს დამცველის, ადვოკატ დ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის განაჩენით თ. კ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2008 წლის 8 თებერვლის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2008 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2008 წლის 11 მაისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად, რის შედეგადაც მსჯავრდებულ თ. კ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მსჯავრდებულ თ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 5 ივლისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ თ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. კ-ის დამცველის, ადვოკატ დ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული 2008 წლის 8 თებერვლისა და იმავე წლის 11 მაისის ეპიზოდებში წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ხოლო 2008 წლის 12 აპრილის ეპიზოდში _ იმავე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. კ-ის დამცველის, ადვოკატ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.