საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.04.2010
საქმის ნომერი
2კ-873აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.04.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

873აპ.-09 ქ. თბილისი

26 აპრილი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ს დამცველის, ადვოკატ ე. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მარტის განაჩენით ა. ხ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და «გ» ქვეპუნქტებით (2008 წლის 16 მაისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2008 წლის 22 მაისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» და «გ» ქვეპუნქტებით (2008 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად, რის შედეგადაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 (ოცდაორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით. იმავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა. ხ-ს მიმართ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ თავისუფლების აღკვეთას 22 (ოცდაორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 9 (ცხრა) თვისა და 9 (ცხრა) დღის ვადით, რის შედეგადაც მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 (ოცდაექვსი) წლის, 5 (ხუთი) თვისა და 9 (ცხრა) დღის ვადით. მსჯავრდებულ ა. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 6 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ს დამცველის, ადვოკატ ე. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული 2008 წლის 16 მაისისა და იმავე წლის 27 ივლისის ეპიზოდებში წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით, ხოლო 2008 წლის 22 მაისის ეპიზოდში _ იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ს დამცველის, ადვოკატ ე. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.