განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
962აპ-09 ქ. თბილისი
2 ივნისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე ჯ. ა-ისა და მ. ი-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის განაჩენით ჯ. ო-ი ოღლი ა-ი და მ. გ-თ ოღლი ი-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი) იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით ჯ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის გამოყენებით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ჯ. ა-მა გაიგო, რომ თავისი სამსახურის უფროსი ნ. ჯ-ე საკუთარი ფერმიდან მოპარული საქონლის შესახებ რაიმე საინტერესო ინფორმაციის მომპოვებელს პრემიის სახით გადაუხდიდა 1000 ლარს, რის შემდეგ განიზრახა, თაღლითური გზით მიეთვისებინა სხვისი მოძრავი ნივთი. მან თავისი განზრახვა გაანდო მ. ი-ს. მათ შექმნეს პირთა ჯგუფი, მოიპოვეს ნ. ჯ-ის ნდობა, რომელსაც ჯ. ა-მა უთხრა, რომ მის მეგობარ მ. ი-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იყო გადამალული მისი 14 სული საქონელი. ამ ინფორმაციაში ნ. ჯ-ეს უნდა გადაეხადა 300 ლარი. 2008 წლის დეკემბერში ჯ. ა-მა და მ. ი-მა იგი წაიყვანეს მარნეულში, შორიდან დაანახვეს მიტოვებული შენობა და მ. ი-მა უთხრა, რომ მისი საქონელი იქ ჰყავდათ გამტაცებლებს დამალული, რის შემდეგაც უკან დაბრუნდნენ. გზაში, ფონიჭალის დასახლების ტერიტორიაზე, ნ. ჯ-ემ მას გადასცა შეპირებული 300 ლარი.
რამდენიმე დღეში ჯ. ა-მა და მ. ი-მა კვლავ გადაწყვიტეს ნ. ჯ-ისათვის თაღლითურად ფულის გამორთმევა. მათ ამჯერადაც შექმნეს პირთა ჯგუფი და ნ. ჯ-ეს უთხრეს, რომ მისი საქონლის უკან დაბრუნებაში გამტაცებლები ითხოვნენ 400 ლარს. ვინაიდან ნ. ჯ-ე მ. ი-ს აღარ ენდობოდა, მან ხსენებული თანხა გადასცა ნდობით აღჭურვილ პირს _ ჯ. ა-ს. ისინი მეორე დღეს უნდა წასულიყვნენ მარნეულში საქონლის დასაბრუნებლად. აღნიშნულის შემდეგ ბოროტმოქმედებმა მოლაპარაკებისამებრ გაიყვეს თანხა, მეორე დღეს სოფელში აღარ გამოჩნდნენ, ხოლო იმისათვის, რომ დაზარალებულს თანხა უკან არ მოეთხოვა, ჯ. ა-მა იგი მოატყუა, რომ თითქოს მ. ი-მა მას მარნეულში ბიჭები დაახვედრა და თანხა დანის მუქარით წაართვეს.
აღნიშნული ქმედებისათვის დანაშაულთა ერთობლიობით მ. ი-ს მიესაჯა 8 წლით, ხოლო ჯ. ა-ს _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 5 თვე, 11 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 5 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2009 წლის 13 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ა-მა. მან ითხოვა განაჩენიდან პირველი ეპიზოდის ამორიცხვა და სასჯელის შემცირება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ჯ. ა-სა და მ. ი-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტები (2008 წლის დეკემბრის მე-2 ეპიზოდი); მათ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით მიესაჯათ: მ. ი-ს _ 4 წლით, ჯ. ა-ს კი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენთა ერთობლიობით ჯ. ა-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 5 თვისა და 11 დღის ვადით.
კასატორი _ პროკურორი პ. ბ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, უნდა გაუქმდეს და ძალაში დარჩეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის განაჩენი, რადგან ჯ. ა-ისა და მ. ი-ის მიერ ჩადენილი დანაშაული განგრძობად დანაშაულთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, ვინაიდან მათ მიერ ჩადენილია დანაშაულის ორი _ ცალ-ცალკე ეპიზოდი; პირველი ეპიზოდის შემდეგ მათ წარმოეშვათ ახალი განზრახვა, რათა კვლავ დაუფლებოდნენ ნ. ჯ-ის კუთვნილ თანხას, რაც ცალკე ეპიზოდად მოიყვანეს სისრულეში. განგრძობადი დანაშაულის ჩადენის ყველა ეპიზოდი მოცული უნდა იყოს ერთიანი განზრახვით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ჯ. ა-მა განიზრახა, პრემიის სახით დაწესებული 1000 ლარის თაღლითურად დაუფლება, რის გამოც მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენის აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ჯ. ა-მა და მ. ი-მა განიზრახეს არა 1000 ლარის, არამედ სხვისი მოძრავი ნივთის მითვისება მას შემდეგ, რაც შეიტყვეს დაწესებული პრემიის თაობაზე. თავდაპირველად ჯ. ა-ი და მ. ი-ი დაეუფლნენ 300 ლარს, რის შემდეგ კვლავ გადაწყვიტეს ფულის მოტყუებით დაუფლება და დაზარალებულს გამოართვეს 400 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ემყარებოდა თავად განსასჯელთა აღიარებით ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს.
პალატა აღნიშნავს, რომ ერთიან დანაშაულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა არა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, არამედ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე.
ამრიგად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც მსჯავრდებულთა ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა გამოიკვლიოს მტკიცებულებები და მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ _ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განაჩენი ჯ. ა-ისა და მ. ი-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.