საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.04.2010
საქმის ნომერი
2კ-34აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

34აპ.-10 ქ. თბილისი

14 აპრილი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ქ. და პ. ა-ების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე.

მარნეულის სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის განაჩენით ქ. ა-ი, _ გამართლდა და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. იმავე განაჩენით ქ. ა-ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა ქ. ა-სათვის წალკის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რის შედეგადაც ქ. ა-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე ჯარიმა _ 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ქ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 24 დეკემბრიდან.

იმავე განაჩენით პ. ა-ი, გამართლდა და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. იმავე განაჩენით პ. ა-ი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ პ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2008 წლის 24 დეკემბრიდან. იმავე განაჩენით დაკმაყოფილდა დაზარალებულ ლ. ვ-ს სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხეებს, მსჯავრდებულებს _ ქ. და პ. ა-ებს სოლიდარულად დაეკისრათ ლ. ვ-ასათვის 17 300 (ჩვიდმეტი ათას სამასი) ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენით მარნეულის სასამართლოს 2009 წლის 2 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულებს _ ქ. ა-სა და პ. ა-ს ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების _ ქ. და პ. ა-ების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ ქ. ა-სა და პ. ა-ს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ქ. და პ. ა-ების დამცველის, ადვოკატ ვ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.