საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
108აპ.-10 ქ. თბილისი
7 აპრილი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. ღ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით. იმავე განაჩენით დადგინდა, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გ. ღ-ს დანიშნული სასჯელიდან _ 2 (ორი) წელი, 2 (ორი) თვე და 20 (ოცი) დღე უნდა მოეხადა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო _ 1 (ერთი) წელი, 1 (ერთი) თვე და 10 (ათი) დღე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, გელოდი ღორჯომელიძეს დაევალა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ. ღ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 31 მაისიდან.
იმავე განაჩენით რ. დ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ,,,გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. იმავე განაჩენით, საქართელოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. დ-ს მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასაჯელს, რის შედეგადაც მსჯავრდებულ რ. დ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მსჯავრდებულ რ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 31 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ღ-ისა და რ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ღ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ გ. ღ-სა და რ. დ-ს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», ,,გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ღ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.