საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-358აპ.-10 19 ივლისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის განაჩენით ზ. მ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა დანაშაულის ჩადენის საშუალების _ ,,ADLEღ-2003-LIGHთ-ის” მოდელის ¹........ პისტოლეტის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა; სსკ-ის 108-ე მუხლით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. მ-ს იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად _ ,,ADLEღ-2003-LIGHთ-ის” მოდელის ¹......... პისტოლეტის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ,,ADLEღ-2003-LIGHთ-ის” მოდელის ¹........ პისტოლეტი ერთი მჭიდით და ზ. მ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, მის სახელზე გაცემული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვა ¹........, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შეიარაღების განყოფილებას.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განაჩენი ზ. მ-ის მიმართ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში:
ზ. მ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში იგი გამართლდა.
ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა დანაშაულის ჩადენის საშუალების _ ,,ADLEღ-2003-LIGHთ-ის” მოდელის ¹......... პისტოლეტის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა; სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად _ ,,ADLEღ-2003-LIGHთ-ის” მოდელის ¹........ პისტოლეტის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 116-ე მუხლების I ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.