შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 21.07.2010
საქმის ნომერი
2კ-382აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-382აპ.-10 21 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ბ-ასა და რ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენით ა. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. დ-ას, გ. გ-ის, ს. მ-ის ბრალდების ეპიზოდები) – 6-6 (ექვს-ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის, თ. შ-ის, ე. ს-ის, კ. ა-ის ბრალდების ეპიზოდები) – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ა. ც-ეს სასჯელად განესაზღვრა 34 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 50-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 13 სექტემბრიდან.

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი. სამოქალაქო მოპასუხე ა. ც-ეს დაეკისრა ქონებრივი ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო მოსარჩელეების სასარგებლოდ: ლ. დ-სათვის _ 19850 აშშ დოლარის, გ. გ-სათვის _ 8500 აშშ ლოდარის, თ. მ-სათვის _ 5000 აშშ დოლარის, თ. შ-სათვის _ 2000 ევროს, ე. ს-სათვის _ 1800 აშშ დოლარის, ს. მ-სათვის _ 4500 ევროს, ხოლო კ. ა-სათვის _ 2300 აშშ დოლარის ანაზღაურება.

დაზარალებულების მოთხოვნა ადვოკატების ჰონორარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ა. ც-ეს განაჩენით მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, დიდი ოდენობით (ბრალდების სამი ეპიზოდი) და იმავე დანაშაულში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ბრალდების ოთხი ეპიზოდი).

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 3 აგვისტოს ქ. რუსთავში მცხოვრებმა ა. ც-ემ მოატყუა იმავე ქალაქში მცხოვრები ლ. დ-ა და შეჰპირდა რა გერმანიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას, გამოართვა 16000 (თექვსმეტი ათასი) აშშ დოლარი (28416.5 ლარი), ასევე შეჰპირდა მისი კუთვნილი, 2500 (ორი ათას ხუთას) აშშ დოლარად (4412. 5 ლარად) ღირებული ა/მანქანის _ ,,ფორდ ფიესტას” გაყიდვაში დახმარებას და გამოართვა ხსენებული ა/მანქანა.

მან ასევე, გერმანიიდან ავტომანქანების ჩამოყვანის პირობით მოატყუა იმავე ქალაქში მცხოვრებნი: გ. გ-ი, რომელსაც 2007 წლის 24 ოქტომბერს გამოართვა ფულადი თანხა _ 8500 (რვა ათას ხუთასი) აშშ დოლარი (13884, 75 ლარი); ს. მ-ი, რომელსაც 2008 წლის 24 მარტს გამოართვა ფულადი თანხა _ 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ევრო (10305 ლარი); თ. მ-ი, რომელსაც 2008 წლის 3 იანვარს გამოართვა ფულადი თანხა _ 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი (7958 ლარი); თ. შ-ი, რომელსაც 2008 წლის 15 თებერვალს გამოართვა ფულადი თანხა _ 2000 (ორი ათასი) ევრო (4574 ლარი); ე. ს-ი, რომელსაც 2008 წლის 24 მარტს გამოართვა ფულადი თანხა _ 1800 (ათას რვაასი) აშშ დოლარი (2669, 4 ლარი) და კ. ა-ი, რომელსაც 2008 წლის 24 მარტს გამოართვა ფულადი თანხა _ 2300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარი (3410,9 ლარი).

ა. ც-ე ზემოაღნიშნულ თანხებს თაღლითურად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულებს _ ლ. დ-ას, გ. გ-სა და ს. მ-ს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, ხოლო თ. მ-ს, თ. შ-ს, ე. ს-სა და კ. ა-ს _ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულების: თ. შ-ის, ე. ს-ის, კ. ა-ის, თ. მ-ის, ს. მ-ის, გ. გ-ისა და მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.

დაზარალებულებმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა დაზუსტებული სამოქალაქო სარჩელები, რომლებიც ეფუძნებოდა იმ დროისათვის ლარის დოლართან და ევროსთან მიმართებით დევალვაციას. აპელანტებმა ითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. ს-ის სასარგებლოდ _ 2919 ლარის, გ. გ-ის სასარგებლოდ _ 12764 ლარის, თ. შ-ის სასარგებლოდ _ 4825 ლარის, თ. მ-ის სასარგებლოდ _ 7788 ლარის, კ. ა-ის სასარგებლოდ _ 3661 ლარისა და ს. მ-ის სასარგებლოდ _ 10571 ლარის დაკისრება.

მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ განაჩენი მათი დაცვის ქვეშ მყოფი ა. ც-ის მიმართ მიაჩნიათ აშკარად უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რადგან მსჯავრდებულს დაზარალებულებთან წლების განმავლობაში ჰქონდა მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა. ა. ც-ეს ყველა მათგანისათვის ჩამოყვანილი ჰყავს ავტომანქანა, მათ შორის ჩამოყალიბდა ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობა და ფაქტობრივად დაიდო ზეპირი ხელშეკრულება. ა. ც-ემ დაზარალებულებს ფული იმისთვის გამოართვა, რომ მათთვის გერმანიიდან ჩამოეყვანა ავტომანქანები, რაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ შეძლო. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით იგი გაფრინდა უკრაინაში, სადაც პოლიციამ დააკავა ი. კ-ის ზეგავლენით და საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ დიდი თანხის გადახდის შემდეგ შეძლო. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ კი გაიგო, რომ დაზარალებულები ოჯახში აკითხავდნენ და პროკურატურაში საჩივარი ჰქონდათ შეტანილი. მიუხედავად ამისა, იგი ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა შეეძლო, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისათვის. აპელანტთა აზრით, ა. ც-ის ქმედება არ მოიცავს თაღლითობის ნიშნებს და მხოლოდ სამოქალაქო ურთიერთობით უნდა მოწესრიგდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განაჩენი ა. ც-ის მიმართ შეიცვალა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

სამოქალაქო მოსარჩელე ლ. დ-ას სარჩელი დარჩა განუხილველი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – მ. ბ-ამ და რ. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორებმა საჩივარში აღნიშნეს, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი. მსჯავრდებული ა. ც-ე თანხის გადახდის ვალდებულებას იღებს უკლებლივ ყველა დაზარალებულისათვის ლ. დ-ას გარდა. ა. ც-ემ არა თუ თაღლითურად მოატყუა ე.წ. დაზარალებულები, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს, არამედ გაკოტრდა, რის შემდეგაც დაზარალებულებს უნდა მიემართათ სამოქალაქო სამართლებრივი გზით საქმის წარმოებისათვის.

ამდენად, ადვოკატებმა ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლების მიზნით სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ბ-ასა და რ. მ-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა. ც-ის ქმედება არ შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო თაღლითობით, რადგან მსჯავრდებულის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და, ამდენად, აღნიშნული ქმედება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა მოწესრიგებულიყო, ვინაიდან საქმეში არსებული საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მსჯავრდებულმა ა. ც-ემ განაცხადა, რომ მანქანების ბიზნესი დაიწყო 2001 წლიდან და ყველა დაზარალებულს კარგად იცნობს. თითქმის ყველა მათგანისათვის ჰყავს ავტომანქანა ჩამოყვანილი. 25 მარტს იგი აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას მანქანების ახალი „პარტიის“ გამოსაგზავნად. დაზარალებულებს მანქანების ჩამოსაყვანად თანხა 24 მარტს გამოართვა. თითქმის ყველა დაზარალებულს, დ-ას გარდა, უთხრა, რომ მეორე დღეს გერმანიაში მიდიოდა. მაგრამ როდესაც გერმანიაში თავის ქართველ პარტნიორს დაურეკა, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს, გაიგო, რომ მისმა მეორე პარტნიორმა, უკრაინელმა, გერმანიის მოქალაქეობის მქონე ი. კ-მა, მისი დატოვებული მანქანები გაყიდა და გაუჩინარდა. გერმანიაში მყოფი პარტნიორის დახმარებით გაიგო ი. კ-ის მისამართი და 26 მარტს, დაზარალებულებისათვის გამორთმეული თანხით _ 16000 აშშ დოლარით, ნაცნობ ქალბატონ ჟ. ფ-სთან ერთად, რომელიც კ-ის პოვნაში უნდა დახმარებოდა, კიევში გაფრინდა. უკრაინაში ჩასვლის მეორე დღეს სახლში დარეკა და მეუღლეს უთხრა, რომ უკრაინაში იყო, მერე სამი თვის მანძილზე არც დაზარალებულებს დაკავშირებია და არც თავის ოჯახს. მან იპოვა ი. კ-ი, რომელმაც არ უარყო მანქანების გაყიდვის ფაქტი და შეჰპირდა, რომ ერთ კვირაში თანხას მისცემდა, მაგრამ მოატყუა და პოლიციას დააჭერინა, სადაც 15000 დოლარი გადაიხადა, რომ გამოეშვათ. აღნიშნულის შესახებ დაზარალებულებისათვის არ უცნობებია. უკავშირდებოდა მხოლოდ ა. ს-ს, თუმცა მისთვის არ დაუვალებია, რომ დაზარალებულებისათვის მომხდარის შესახებ ეცნობებინა. თ. და ს. მ-ები შემთხვევით შეხვდნენ ა. ს-ს, რომელმაც მათ ყველაფერი შეატყობინა.

პალატის აზრით, ასეთი ჩვენების მიცემა განაპირობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზანმა, რასაც

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება მოწმეების – ო. ი-ის, ბ. მ-ის, დაზარალებულების: ს. მ-ის, თ. მ-ის, გ. გ-ის, ლ. დ-ას, თ. შ-ის, ე. ს-ის, კ. ა-ის ჩვენებებით, კერძოდ:

დაზარალებულებმა ს. და თ. მ-ებმა არ დაადასტურეს მსჯავრდებულ ა. ც-ის განმარტება, რომ ეს უკანასკნელი მათ ა. ს-ის დახმარებით უკავშირდებოდათ. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ, დაზარალებულთა განმარტებით, 24 მარტს მათ ა. ც-ემ უთხრა, რომ, თითქოს მათთვის გამოგზავნილი მანქანა თურქეთიდან ჯერ კიდევ არ იყო ჩამოსული, თუმცა მოგვიანებით შეიტყვეს, რომ ც-ე ატყუებდათ. აღნიშნული ავტომანქანა მას 15 მარტს უკვე ო. ი-სათვის ჰქონდა მიყიდული, რაც 24 მარტს გადაუფორმა კიდეც.

ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 2010 წლის 23 თებერვლის კანონის შესაბამისად, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად: ,,თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს რამდენიმე დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელის გარდა, ხოლო თუ ინიშნება თანაბარი სიმძიმის რამდენიმე სასჯელი, _ ერთ-ერთი მათგანის გარდა, დანარჩენი ძირითადი სასჯელი (სასჯელები) ინიშნება ვადის ნახევრიდან სრულ მოცულობამდე ვადით და ისე ხდება მათი შეკრება საბოლოო სასჯელის დანიშვნისას.”

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ც-ის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი _ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა _ მეტისმეტად მკაცრია და იგი უნდა შემსუბუქდეს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ. ბ-ასა და რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

ა. ც-სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. დ-ას ბრალდების ეპიზოდი) დანიშნულ ძირითად სასჯელს – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. გ-ისა და ს. მ-ის ბრალდების ეპიზოდები) დანიშნული ძირითადი სასჯელების _ 6-6 (ექვს-ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი – 4-4 (ოთხ-ოთხი) წელი, სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ის, თ. შ-ის, ე. ს-იანის, კ. ა-ის ბრალდების ეპიზოდები) დანიშნული ძირითადი სასჯელების _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი _ 2-2 (ორ-ორი) წელი და ა. ც-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 22 (ოცდაორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.