საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.06.2010
საქმის ნომერი
2კ-426აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

426აპ-10 22 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატების – თ. ს-სა და გ. ე-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 მაისის განაჩენით გ. ჩ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ზ. კ-ს ეპიზოდში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ», ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით.

იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა:

საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ,,ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 2 სექტემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

განაჩენიდან ამოირიცხა მითითება საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი – ავტომანქანა აუდი A4 VIN: ჭAUძძძ 8H23K005475 მოდელის, სახ.¹..... და მისი სარეგისტრაციო მოწმობის /ინახება საქართველოს შსს მეორე ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე/, სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ და აღნიშნული ავტომანქანის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ», ,,დ» ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატების – თ. ს-სა და გ. ე-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ