საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2010
საქმის ნომერი
2კ-504აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

504აპ-10 თბილისი

7 ივლისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2010 წლის 24 მარტის განაჩენზე.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს განაჩენით მიმალვაში მყოფი ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. იმავე განაჩენით დადგინდა, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ს სასჯელის ვადის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების დღიდან. მასვე დარჩა უფლება, განაჩენი სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიმართ როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. ამასთან, აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2010 წლის 4 თებერვლიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», და იმავე მესამე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2010 წლის 24 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.