საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-541აპ.-10 19 ივლისი, 2010წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. რ-ს, ი. ს-სა და ლ. ლ-ს კანონიერი წარმომადგენლის _ ხ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განაჩენზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის განაჩენით:
ლ. ლ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2008 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) საბრალდებო დასკვნით წარდგენილი ბრალდება და მის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების ამ ნაწილში.
ლ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 9 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლ. ლანჩავას მიესაჯა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ხუთი ათასი ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში და მისი გადახდა დაეკისრა ლ. ლ-ს კანონიერ წარმომადგენელს _ ხ. ს-ს. ლ. ლ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 14 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. რ-ს, ი. ს-სა და ლ. ლ-ს კანონიერი წარმომადგენლის _ ხ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ლ. ლ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. რ-ს, ი. ს-სა და ლ. ლ-ს კანონიერი წარმომადგენლის _ ხ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.