საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
660აპ-10 13 სექტემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ პ. ხ-ისა და მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 თებერვლიდან.
გ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ო-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 4 თებერვლიდან.
რ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 15 თებერვლიდან.
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ თ. ხ-სა და ს. ჟ-ს შორის. ს. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, -თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით; სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, -თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ჟ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 4 თებერვლიდან.
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ თ. ხ-სა და ა. თ-ს შორის. ა. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, -თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; სსკ-ის 376-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით; სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. თ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 თებერვლიდან.
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ თ. ხ-სა და ვ. გ-ს შორის შეცვლილი პირობებით. ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 5 თვითა და 1 დღით; სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 11 თვითა და 24 დღით და საბოლოოდ ვ. გ-ს, განაჩენთაA ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 4 თვითა და 25 დღით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 27 მარტიდან 2009 წლის 30 სექტემბრამდე.
საქმეზე გაცხადებული სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ. ო-ს მოსარჩელე გ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ევროს გადახდა. მოპასუხეებს: ს. ჟ-ს, ა. თ-სა და გ. მ-ს მოსარჩელე ს. ა-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 700 ლარის გადახდა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, მ. ო-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულთა მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ პ. ხ-ისა და მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.