შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
847აპ-10 14 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის განაჩენით ბ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ბ. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 7 იანვრიდან.
განაჩენით ბ. კ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა. მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ბ. კ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ექვს ცალ გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი” და გამჭვირვალე ფოლგის ქაღალდში გახვეული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
2010 წლის 7 იანვარს თბილისში, დიდუბის ავტოსადგურის დარბაზში მდებარე შპს „კახეთი ტურის“ ოფისის კართან, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ბ. კ-ი, რომელსაც პირადი ჩხრეკის შედეგად მის ხელთ არსებულ ამანათში მოთავსებულ შავი ფერის ტყავის ქურთუკის მარცხენა, შიდა ჯიბეში აღმოაჩნდა ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში გახვეული, 6 გამჭვირვალე პარკი, თითოეულ მათგანში კი - მუქი ფერის მცირე ზომის ნატეხები და ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში გახვეული ფხვნილისებური ნივთიერება. ქიმიური ექსპერტიზის 2010 წლის 8 იანვრის ¹21/სქ დასკვნით დადგინდა, რომ მუქი ყავისფერი ნივთიერების 6 ცალი წონაკი, საერთო წონით 5,0556 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ოპიუმს“ (ამფიონს), ხოლო ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში გახვეული ფხვნილისებური ნივთიერება -გრანულების სახით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 0,0232 გრამს, დანარჩენი არანარკოტიკული მინარევია.
2010 წლის 7 იანვარს ჩატარებული ბ. კ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, მის საძინებელ ოთახში არსებული მუყაოს ყუთიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა პარაბელუმ-ლუგერის 7,62 მმ კალიბრიანი 20 ცალი საბრძოლო ვაზნა, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის 2010 წლის 7 იანვრის @¹19/ბ დასკვნის შესაბამისად, წარმოადგენს 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიან ვაზნებს, განკუთვნილს 7,62 მმ კალიბრიანი ავტომატებისათვის, კარაბინისა და ხელის ტყვიამფრქვევისათვის, მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
ამავე განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ გ. გ-ს შორის, რომლის თანახმადაც გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა, თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც 3 (სამი) წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით, 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ. გ-ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. სასაჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2010 წლის 7 იანვრიდან.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. კ-მა, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ქ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საჩივარში აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არასამართლიანია და არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად გადაგზავნას. ამასთან, ალტერნატივის სახით ითხოვს განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის “ა” ქ/პუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და არ იწვევდა ეჭვს. მსჯავრდებულ ბ. კ-ის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: განსასჯელის აღიარებითი ჩვენებით, ბალისტიკური ექსპერტიზის 2010 წლის 7 იანვრის ¹19/ბ დასკვნით; ბ. კ-ის 2010 წლის 7 იანვრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით; მოწმე ი. ფ-ის ჩვენებით, ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
რაც შეეხება ბ. კ-ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტს, საქმეში არსებული მტკიცებულებების – ბ. კ-ის აღიარებითი ჩვენების, პირადი ჩხრეკის ოქმის, მოწმეების – დ. ბ-ისა და ი. ფ-ის ჩვენებების, ქიმიური ექსპერტიზის 2010 წლის 8 იანვრის ¹21/სქ დასკვნის, ნივთიერი მტკიცებულებების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზით დგინდება, რომ ბ. კ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად მის ხელთ არსებულ ამანათში მოთავსებული შავი ფერის ტყავის ქურთუკის მარცხენა, შიდა ჯიბეში აღმოჩნდა ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში გახვეული, 6 ცალი გამჭვირვალე პარკი, თითოეულ მათგანში კი - მუქი ფერის მცირე ზომის ნატეხები და ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში გახვეული ფხვნილისებური ნივთიერება. 2010 წლის 8 იანვრის ¹21/სქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მუქი ყავისფერი ნივთიერების შემცველი 6 ცალი წონაკი, საერთო წონით 5,0556 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება “ოპიუმს” (ამფიონს), ხოლო ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში გახვეული ფხვნილისებური ნივთიერება - გრანულების სახით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს”, წონით 0,0232 გრამს. “უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის” დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი” (ამფიონი) 2 გრამიდან 20 გრამამდე წარმოადგენს დიდ ოდენობას, 20 გრამი და მეტი კი - განსაკუთრებით დიდი ოდენობას, ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს” 1 გრამის ჩათვლით წარმოადგენს დიდ ოდენობას, 1 გრამზე მეტი კი - განსაკუთრებით დიდ ოდენობას. როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, ბ. კ-ისაგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები “ოპიუმი” (ამფიონი), წონით 5,0556 გრამი და “ჰეროინი”, წონით 0,0232 გრამი, მათი რაოდენობიდან გამომდინარე და პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, წარმოადგენს არა განსაკუთრებით დიდ, არამედ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს.
შესაბამისად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, მიაჩნია, რომ არასწორადაა გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენის შეცვლის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ბ. კ-ის სასიკეთოდ, კერძოდ: მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ ბ. კ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებულ ბ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და საბოლოოდ ბ. კ-ს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.