საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
886აპ-10 14 დეკემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით:
საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორ კ. ს-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 1 წელი უნდა მოიხადოს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესის შესაბამისად, გ. ბ-ს ერთობლივად შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 ოქტომბრიდან.
ნ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად 1 წელი განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 3 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დ. ბ-თან დაკავშირებული ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-სთან დაკავშირებული ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელთა შეკრების წესის შესაბამისად ნ. თ-ს ერთობლივად შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 50000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 5 ოქტომბრიდან.
კ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად შეეფარდა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 23 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ კ. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.