საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
926აპ-10 ქ. თბილისი
16 დეკემბერი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის განაჩენით ვ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 18 ნოემბრიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორს, ადვოკატსა და განსასჯელებს _ გ. დ-ესა და ი. დ-ეს შორის, რომლის თანახმად, გ. დ-ე და ი. დ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მიესაჯათ 5-5 წლითა და 4-4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდათ და საბოლოოდ განესაზღვრათ 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით მათ დანიშნული სასჯელები ჩაეთვალათ პირობით, 5 წლისა და 1 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ გ. დ-ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ოდენობით; ასევე გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ, ზ. დ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქედის რაიონის სოფელ --- _ 2500 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს მოეხსნა ყადაღა. მსჯავრდებულ ი. დ-ეს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ, მ. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქედის რაიონის სოფელ --- _ 2500 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს მოეხსნა ყადაღა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დაზუსტდა ნივთმტკიცებათა ნაწილში; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.