საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.01.2011
საქმის ნომერი
2კ-1026აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹1026აპ-10 ქ. თბილისი

18 იანვარი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. მსჯავრდებულ მ. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2010 წლის 21 აპრილიდან.

იმავე განაჩენით ჯ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. მსჯავრდებულ მ. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2010 წლის 21 აპრილიდან.

იმავე განაჩენით, სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ, შპს “---” წარმომადგენელ ს. შ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, ხოლო სამოქალაქო მოსარჩელეს განემარტა, რომ სარჩელზე უარი ართმევს მას უფლებას, განმეორებით წარადგინოს სარჩელი იმავე პირის მიმართ და იმავე საფუძვლით როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მ. გ-ე და ჯ. კ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ მ. გ-ისა და ჯ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ მ. გ-ისა და ჯ. კ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.