საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1082აპ-10 ქ. თბილისი
18 თებერვალი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. უ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივნისის განაჩენით რ. უ-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. იმავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. უ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. მსჯავრდებულ რ. უ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 25 სექტემბრიდან.
იმავე განაჩენით ვ. მ-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. იმავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. მ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. იმავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ვ. მ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რის შედეგადაც მას, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ვ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 25 სექტემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივნისის განაჩენში, კერძოდ, ამოირიცხა მითითება მსჯავრდებულ ვ. მ-სათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე, რის შედეგადაც მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ ვ. მ-სა და რ. უ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ რ. უ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ რ. უ-სა და ვ. მ-ს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა”, “დ” და იმავე კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. უ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAპალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.