საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.02.2011
საქმის ნომერი
2კ-1102აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

1102აპ-10 2 თებერვალი, 2011წ.

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი

დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის განაჩენით ვ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა., რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I-ლიM ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ვ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 4 დეკემბრიდან.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სამოქალაქო მოპასუხე ვ. ქ-ს, სამოქალაქო მოსარჩელის _ დ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა _ 500 ლარის გადახდა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:

ვ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I-ლიM ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ვ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 4 დეკემბრიდან.

დაზარალებულ დ. თ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სამოქალაქო მოპასუხე ვ. ქ-ს, დ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა _ 500 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მსჯავრდებულ ვ. ქ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.